კარგი მასპინძელი

მთავარი / კარგი მასპინძელი
კარგი მასპინძელი

ვინ ახორციელებს პროექტს?

პროექტი ,,კარგი მასპინძელი“ ხორციელდება ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები შემუშავებულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციისა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მიერ.

 

რას გულისხმობს პროექტი „კარგი მასპინძელი“

აჭარაში დღესდღეობით საკმაოდ ბევრი საოჯახო სასტუმროა და ეს ბიზნესი უფრო და უფრო ვითარდება. პროექტი ,,კარგი მასპინძელი“ რეგიონში პირველად ხორციელდება და დიდი სტიმულია იმისა, რომ სოფლად ბიზნესი იყოს  წარმატებული და საოჯახო სასტუმროს მასპინძელს მუდამ ჰქონდეს მომსახურების სფეროში განვითარების სურვილი და მოტივაცია.

არსებული ეტიკეტი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს ანიჭებს უპირატესობას და არწმუნებს ვიზიტორებს, რომ ისინი მაქსიმალურად იცავენ მომსახურების საჭირო ყველა კრიტერიუმს, სტუმართმასპინძლობის პრინციპებს, უფრთხილდება იმ გარემოს სადაც ცხოვრობს და მასპინძლობს, უფრთხილდება მის ავთენტიკურობას, უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.

 

 პროექტის ,,კარგი მასპინძელი“ მიზანია:

  • სოფლად საოჯახო სასტუმროების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
  • სოფლად ბიზნესის განვითარების სტიმულირება და წახალისება

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტი ,,კარგი მასპინძელი“  გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ სოფლის საოჯახო სასტუმროებისთვის.

 

რა არის საოჯახო სასტუმრო? (გესთ-ჰაუსი)

ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მკაცრი განსაზღვრება, თუ რა არის ,,საოჯახო სასტუმრო“ (გესთ-ჰაუსი), თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე კრიტერიუმი,  რომელიც საშუალებას მოგვცემს საერთო წარმოდგენა შეგვექმნას ამ ტურისტული ობიექტის  შესახებ. მათი გათვალისწინებით, საოჯახო სასტუმრო ეს არის  სახლი სოფლად (კერძო საკუთრება), რომელიც მდებარეობს ქალაქის აურზაურისა და  სამრეწველო უბნებისაგან მოშორებით, რომლის მასპინძელიც დამსვენებლებისთვის უზრუნველყოფს ღამისთევას, ხანმოკლე ან გრძელვადიან საცხოვრებელს, დასვენებას, ექსკურსიებს.

სოფლის საოჯახო სასტუმრო ტურისტს სთავაზობს:

  • მასპინძლის მხრიდან სტუმართმოყვარეობას და ყურადღებას;
  • სოფლის სიმშვიდეს და აუთენტიკურ გარემოს;
  • სუფთა ჰაერს, ჯანსაღ გარემოს, შინ მოყვანილ, ადგილობრივ პროდუქტს, ბუნებასთან სიახლოვეს;
  • ადგილობრივი ტრადიციების გაცნობას, ადგილობრივ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებას და. ა. შ.

 

როგორ ხდება რეგისტრაცია ეტიკეტის მისაღებად? 

სტატუსის  „კარგი მასპინძელი“  მისაღებად, სოფლად არსებული ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ზოგადი
  • ინტერიერი/ექსტერიერი
  • განთავსება
  • კვება
  • მომსახურების ხარისხი
  • ინფორმაცია

სტატუსის ,,კარგი მასპინძელი“ მიღება მოითხოვს შემდეგი ეტაპების გავლას:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • ონლაინ ცხრილების შევსება
  • საოჯახო სასტუმროს ადგილზე შემოწმება

 

როგორ მიმდინარეობს პროექტი?

პროექტში ,,კარგი მასპინძელი“ მონაწილეობა ორ ეტაპად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპი გულისხმობს მფლობელის მიერ საოჯახო სასტუმროს შეფასებას საიტზე მოცემული კითხვარის მიხედვით.

კითხვარში მოცემულია  სავალდებულო და რეკომენდირებული საკითხები, რომელთაგან თითოეული ფასდება თითო ქულით.  მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, აუცილებელია, საოჯახო სასტუმროს შეფასებისას, სავალდებულო მოთხოვნებში მიიღოთ 58 შესაძლებელი ქულიდან- 55, ხოლო რეკომენდირებულებიდან 29 შესაძლებლიდან- 25. რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგის მისაღებად, მაქსიმალური 87 ქულიდან, საჭიროა 80 ქულის დაგროვება.

მეორე ეტაპი გულისხმობს საოჯახო სასტუმროს შემოწმებას სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

მომსახურების ხარისხის ეტიკეტის- ,,კარგი მასპინძელი“მინიჭება ხდება ორივე ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ.

რეგისტრაცია

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, მარშრუტების რუკების შექმნას და თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას.


© 2015-2024 ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო