კარგი მასპინძელი

მთავარი / კარგი მასპინძელი
კარგი მასპინძელი

პროექტი ,,კარგი მასპინძელი“ აჭარის რეგიონში პირველად ხორციელდება და პირველ რიგში  სწორედ სტუმართმასპინძლობას, სტუმრის სათანადო დახვედრასა და მომსახურებას ეხება. ეს არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი, პრივილეგირებული სტატუსი და სტიმული იმისა, რომ მასპინძელს მუდამ ჰქონდეს მომსახურების სფეროში განვითარების სურვილი და მოტივაცია, რაც შესაბამის დაგეგმარებასა და მართვის უნარებთან ერთად, სოფლის  ბიზნესის  წარმატებით განვითარების გარანტიას იძლევა.

სტატუსის მისაღებად საჭიროა იმ სავალდებულო და რეკომენდირებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას,  რომელიც შემუშავებულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციისა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მიერ. 

ვის შეუძლია სტატუსის მიღება?

1. ობიექტს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

2. ობიექტს, რომელიც არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებულია ტურისტულ საინფორმაციო ბაზაში და რომელიმე განთავსების საერთაშორისო პორტალზე.

3. სოფლად მოქმედ საოჯახო სასტუმროს. 

პროექტის არეალი მოიცავს აჭარის რეგიონში, ქალაქგარეთ მდებარე განთავსების ობიექტებს - სოფელში მდებარე საოჯახო სასტუმროებს, სადაც ტურისტს ადგილობრივი მცხოვრებლები მასპინძლობენ.

ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მკაცრი განსაზღვრება, თუ რა არის საოჯახო სასტუმრო (,,გესთ-ჰაუსი“), თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე კრიტერიუმი,  რომელიც საშუალებას მოგვცემს საერთო წარმოდგენა შეგვექმნას ამ ტურისტული ობიექტის  შესახებ. მათი გათვალისწინებით, საოჯახო სასტუმრო ეს არის  სახლი სოფლად (კერძო საკუთრება), რომელიც მდებარეობს ქალაქის აურზაურისა და  სამრეწველო უბნებისაგან მოშორებით, მისი მასპინძელი კი დამსვენებლებისთვის უზრუნველყოფს ღამისთევას, ხანმოკლე ან გრძელვადიან საცხოვრებელს, დასვენებას, ექსკურსიებს.

სოფლის საოჯახო სასტუმრო ტურისტს სთავაზობს:

  • მასპინძლის მხრიდან სტუმართმოყვარეობას და ყურადღებას;
  • სოფლის სიმშვიდეს და ავთენტიკურ გარემოს;
  • სუფთა ჰაერს, ჯანსაღ გარემოს, შინ მოყვანილ, ადგილობრივ პროდუქტს, ბუნებასთან სიახლოვეს;
  • ადგილობრივი ტრადიციების გაცნობას, ადგილობრივ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებას და ა. შ.

 რა არის სტატუსი „კარგი მასპინძელი“?

სტატუსი „კარგი მასპინძელი“ არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება ტურისტულ ობიექტს, სადაც სოფლის საოჯახო სასტუმროს მასპინძელი სტუმარს სთავაზობს მოწესრიგებულ ოთახებს, მაქსიმალურად იცავს მომსახურების სფეროში მიღებულ ყველა კრიტერიუმს, ქმნის დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, უფრთხილდება იმ ადგილის ავთენტიკურობას, სადაც ცხოვრობს, უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამავდროულად მაქსიმალურად იხარჯება, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი ოჯახი, სოფელი თუ ქვეყანა.

აქედან გამომდინარე, სტატუსი „კარგი მასპინძელი“, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ანიჭებს პრივილეგიას და ვიზიტორებში უფრო მეტ სანდოობას იწვევს. ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ სტატუსის მფლობელი საოჯახო სასტუმროს მასპინძელი მაქსიმალურად იცავს სტუმართმასპინძლობის პრინციპებს და ამავდროულად, მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

 როგორ ხდება რეგისტრაცია სტატუსის მისაღებად? 

სტატუსის „კარგი მასპინძელი“ მიღება ნებაყოფლობითია და მის  მისაღებად სამი ეტაპია გასავლელი:

1. თვითშეფასება: ონლაინ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე, სავალდებულო და რეკომენდებული კრიტერიუმების შევსება და შედეგების მიღება კრიტერიუმების შევსებისთანავე;

2. იდუმალი სტუმრის მიერ კრიტერიუმებისა და მომსახურების შეფასება;  (რაც გულისხმობს თვითშეფასებული კრიტერიუმების გადამოწმებას); 

4. სტატუსის მინიჭება.

როგორ ხდება ქულების დაგროვება? 

სტატუსის მისაღებად, სავალდებულო და რეკომენდებული ქულების ჯამური რაოდენობა:

კრიტერიუმები

მაქსიმუმი

მინიმალური დასაკმაყოფილებელი

სავალდებულო

120

120

რეკომენდებული

30

20

ჯამი

150

140


რა სარგებელს გულისხმობს სტატუსის „კარგი მასპინძელი“ მიღება? 

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ თავის მხრივ იზრუნებს ამ ობიექტების მარკეტინგულ აქტივობებზე, რაც მოიცავს:

1. პროფესიონალი ფოტო და ვიდეოგრაფების მიერ გადაღებულ საიმიჯო, დადგმულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც უსასყიდლოდ, საავტორო უფლებით გადაეცემა სტატუსის მფლობელ საოჯახო სასტუმროს/მეპატრონეს;

2. სახლის მიმდებარე არეალში დაიდგმება მანიშნებელი დაფა - „კარგი მასპინძელი“.

3. ობიექტს გადაეცემა ბრენდირებული სუვენირები;

4.საოჯახო სასტუმროს მფლობელს ან შესაბამის თანამშრომელს გაეწევა კონსულტაცია სოციალური მედიის მართვის საკითხებზე;

5. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საოჯახო სასტუმროს მომსახურე პერსონალს ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგები და გამოეყოფა პერსონალური ტრენერი;

6. წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტატუსის მფლობელ საოჯახო სასტუმროს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაუტარდებათ გასვლითი საინფორმაციო ტურები.

რეგისტრაცია

კარგი მასპინძლები

Good Host badge მოყვარე
მოყვარე

ქედა • მერისი

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge Vaio Resort • ვაიო რეზორტი
Vaio Resort • ვაიო რეზორტი

ქედა • ვაიო

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge ოქროპილაური
ოქროპილაური

შუახევი • ოქროპილაური

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge კეჟერაძეების მარანი
კეჟერაძეების მარანი

შუახევი • ლაკლაკეთი

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმრო
იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმრო

ხულო • ყინჩაური

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმრო სახლი "ხიხანი 1"
იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმრო სახლი "ხიხანი 1"

ხულო • ხიხაძირი

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

Good Host badge რიმას სახლი
რიმას სახლი

ხულო • ვაშლოვანი

სტატუსის მიღების თარიღი: სექ, 2024

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, მარშრუტების რუკების შექმნას და თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას.


© 2015-2024 ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო